Friday, April 26, 2019

დავით გარეჯი

მინდა გამოვეხმაურო დავითგარეჯში მიმდინარე მოვლენებს, ყოველთვის ის იყო რომ სამონასტრო კომპლექსი ეკუთვნოდა საქართველოს და ქრისტიანული სარწმუნოების ერთ–ერთ მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. მე და ჩემი მეგობრები ბევრჯერ ვყოფილვართ აქ და ყოველთვის უკან როცა ვბრუნდებოდით, არ გვინდოდა, რადგან იმდენად დიდ მადლს ვგრძნობდით რომ ეავი. სიმშვიდე გიპყრობს როცა იქ მიდახარ, ბერები კი იმდენად კეთილები არიან და იმდენად დიდ სითბოს განახებენ რომ გინდა არ წახვიდე და სამუდამოდ აქ დარჩე.
დავითგარეჯა — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდანსამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანიჩიჩხიტურიაზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს

ისტორია

კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამისდავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.
დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარეჯა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „გარეჯის მრავალმთის ათორმეტნი მონასტერნი“. „ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს: მეფე დემეტრე II-ის დროს სადუნმა „იქმნა კეთილიცა საქმე მონასტერთა და გლახაკთა მიმართ, რომელი დღეთა ცხოვრებისა მისისათა მან მისცა ყალანი და მალი ათორმეტთა უდაბნოთა გარეჯისათა და განათავისუფლა ქუეყანა გარესჯისა და მსახურებდა მეფესა დიმიტრის“. აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი გარეჯის მონასტრების „ათორმეტად“ მოხსენიების საკითხს გვერდს ვერ აუვლიდა, მაგრამ რადგან ხელთ არსებული მასალები მხოლოდ შვიდი მონასტრის ლოკალიზების საშუალებას აძლევდა, ამიტომ სხვა მეცნიერების მსგავსად იგიც „თორმეტს“ ქრისტიანულ რელიგიაში გავრცელებულ სიმბოლურ საკრალურ რიცხვს უკავშირებდა.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, „გარეჯის მთას არს მონასტერნი კლდესა შინა გამოკვეთილნი, სენაკნი, ტრაპეზნი, პალატნი; ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი. ნათლისმცემელს ზის არქიმანდრიტი, ჩიხტიტურს ზის წინამძღვარი, დავით-გარეჯას არქიმანდრიტი, ბერთუბანს წინამძღვარი. არამედ ყოფილა მონასტერნი მრავალნი ვიდრე მწარე წყალმდე და მოწესიტა სავსენი, ხოლო აწ არს ხუთი მოწესია მყოფი“
პლატონ იოსელიანი, დავითის ლავრის გარდა, ჩამოთვლის კიდევ თერთმეტ მონასტერს: აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, დოდოს რქა, იოანე ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრ-სენაკები, მაღაზანა ანუ მღვიმე, ქოლაგორი, მოხატული, ვერანგარეჯა და პირუკუღმარი.
ვახტანგ VI-ს თავის ერთ-ერთ ლექსში მოხსენიებული აქვს დავითის ლავრა, ბერთუბანი, ჩიჩხიტური, ნათლისმცემელი, წამებული, დოდო.
მონასტრების სია გვხვდება საკათალიკოსო მამულების „სითარხნის გუჯარში“: „... იორზე მონასტერი სიონი და მონასტერნი ქუაბნი მათითა მამულითა... დავითის საფლავი და დოდოს რქა, მონასტერი და უდაბნო თუისითა შესავლითა“. თეიმურაზ თოდუას აზრიტ, „იორზე მონასტერი სიონი“ უნდა იყოს ერწოს სიონი, თუმცა ვინაიდან თავისი ადგილმდებარეობით გარეჯის მონასტრებს არაფრით უკავშირდება, ამიტომ აღნიშნული ძეგლის მათ რიცხვში შეტანას თოდუა საეჭვოდ მიიჩნევს.
ადრეფეოდალური ხანის ტერიტორიული განაწილების მიხედვით, გარეჯის მონასტრებს, კახეთის საორეპისკოპოზოს სამხრეთ სასაზღვრო ზონაში უფრო ადრე კამბეჩანის, ხოლო შემდგომ კუხეთის ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული. ეს მონასტრები მტკვრის პარალელურად გადაჭიმულ გარეჯის მთებსა და ივრის ხეობის ქვედა წელის მიდამოებში განლაგებულ ხრიოკ კლდეებში მდებარეობენ.
შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებულინათლისმცემელიჩიჩხიტურითერთრსენაკებიდოდოს რქაუდაბნოაღდგომისა წამებულიბერთუბანიმღვიმექოლაგირიდიდი ქვაბებივერანგარეჯაპირუკუღმარიპატარა ქვაბები.
დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია, ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. 1265 მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები.

დავითგარეჯის უდაბნო, კახეთის რუკაზე
XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის მრავალგზის ლაშქრობების დროს, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 წელს ალექსანდრე I დიდმადავითგარეჯა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1616-1617 წლებში სპარსელთა ლაშქარმა დაარბია, მონასტრები გაუქმდა. 1639 წელს თეიმურაზ I-მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება XVIII საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. დავითგარეჯის მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება.
დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა.
ამ პერიოდის დავითგარეჯის მონასტრების სახე მკვეთრად განსხვავდება ადრინდელი პერიოდის მონასტრებისაგან. მთავარ ეკლესიებსა და სატრაპეზოებში ადრინდელი უბრალოებისა და უშუალობის ნაცვლად თავი იჩინა დიდებულებამ, გრანდიოზულობამ, ინტერესმა ფართო, თავისუფალი სივრცისადმი. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა მთავარი ეკლესიებისა და საერთო სატრაპეზოების კედლების მოხატულობა. დავითგარეჯის მხატვრობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქტიტორთა მრავალრიცხოვანი გამოსახულებები, მ. შ. საქართველოს მეფეთა პორტრეტები (თამარ მეფე და მისი ძე გიორგი IV ლაშა — ბერთუბნის ეკლესია, ამჟამად — ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმითბილისი; მეფე დემეტრე II თავდადებული — უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიის მოხატულობა). ქტიტორთა პორტრეტები ზომით ბევრად ჭარბობს რელიგიური პერსონაჟების გამოსახულებებს, რაც მოწმობს ქართველი ოსტატის დამოუკიდებლობად ბიზანტიური ხელოვნების მიერ დაკანონებული სქემებისაგან. აღსანიშნავია ბერთუბნის სატრაპეზოს მოხატულობა, რომელიც საზეიმო და დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. უდაბნოს მთავარ ეკლესიაში გამოსახულია სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან ასევე საინტერესოა უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიის აფსიდის მოხატულობაც, რომელიც გამოირჩევა მეტყველი სახეებით და დინამიკურობით.

უდაბნოს მონასტრის კედლის მხატვრობა
გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ცალკეული სამონასტრო კომპლექსი ურთიერთშორის დაკავშირებული იყო საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. საინტერესოა ბოლო საუკუნეების (XVII, განსაკუთრებით XVIII საუკუნე) ცალკეული გამოქვაბულები, რომლებიც გაჯის ნაძერწი მორთულობითაა გაფორმებული.
სხვადასხვა დროს დავითგარეჯის მონასტრებში მოღვაწეობდნენ ონოფრე გარეჯელი (XII ს.), დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე (XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა), სულხან-საბა ორბელიანიბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილინიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVIII ს), გაბრიელ საგინაშვილი (XVIII ს), გრიგოლ დოდორქელიანტონ Iტიმოთე გაბაშვილიგაბრიელ მცირე და სხვა. გარეჯელი მოღვაწეები წერდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი



დავითგარეჯის მუზეუმ-ნაკრძალში მიმდინარე სარესტავრაციო-საადაპტაციო სამუშაოების სამეცნიერო ხელმძღვანელმა, არქიტექტორ-რესტავრატორმა თემურ აბრამიშვილმა 80-იან წლებში შეადგინა პროექტი, რომელიც ბერთუბნის მონასტრის ტერიტორიის საქართველოს სსრ საზღვრებში მოქცევას ისახავდა მიზნად, რათა გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთიანობა აღდგენილიყო. ამისთვის ორ სახელმწიფოს მიწები უნდა გაეცვალა. ზემოაღნიშნული პროექტი ძეგლთა დაცვის მთავარმა სამმართველომ საქართველოს სსრ კპ ცენტრალურ კომიტეტში წარადგინა და ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო კიდეც.

„გარესჯაში პირველად დამკვიდრდა დავით გარესჯელი. მისმა მოწაფეებმა და მიმდევრებმა გააშენეს თერთმეტი უდაბნო — 1) მოწამეთა, 2) ბერთუბანი, 3) დოდორქისა, 4) ნათლისმცემელი, 5) ჩიჩხიტური, 6) თეთრსენაკები, 7) მღვიმე, 8) ქოლაგერი, 9) მოხატული, 10) ვერან-გარეჯა, 11) პირუკუღმართი. დავით გარეჯა ააოხრა შაჰ-აბაზმა XVII საუკუნეში და აღმოწყვიტა 6000-მდე ბერი. უდაბნო განაახლა მაჭუტაძემ XVIII საუკუნის დასაწყისს, მოუპოვა ბევრი ძვირფასი წიგნი, სამკაული და შემოსავალი.“

დავითის ლავრა 
დავითის ლავრა — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. დაარსებულია VI საუკუნის I ნახევარში დავით გარეჯელის მიერ. დავითის ლავრის არქიტექტურული ანსამბლი, მისი სამონასტრო მეურნეობა სხვადასხვა პერიოდის ნაგებობათაგან შედგება (VI-XVIII სს.). გამაგრებულია გალავნითა და საგუშაგო კოშკებით. ეკლესიები, განდეგილთა სენაკები, საერთო საცხოვრებელი სამლოცველოთი ან სატრაპეზოთი, აგრეთვე საჯინიბო, საწყობები და სხვა. სათავსები ძირითადად მღვიმეებშია მოთავსებული. მთის მასივში ხელოვნურად გამოკვეთილია წვიმის წყლის შესაგროვებელი სისტემა, წყალმიმღბი ღარები. ერთ-ერთ მღვიმეში წვეთ-წვეთობით გროვდება წყალი, ლეგენდის მიხედვით — „დავითის ცრემლი“.
დავითის ლავრის ანსამბლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფართო ნაგებობა იყო იოანე ღვთისმეტყველის სახელობის კლდეში ნაკვეთი ეკლესია (XII ს., ამჟამად დანგრეულია), რომლის ჩრდილოეთ კედელზე (XVII ს.) ასახულია სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან: „ლუკიანე წველის ირმებს“ და „გველეშაპის დაწვა“.
მონასტრის წინამძღვრები:
დავით გარეჯელი
1881 — არქიმანდრიტი გრიგორი დადიანი (მთავარ დიაკონი სპირიდონ გრძელიევი, ხუცეს მონაზონი სიმეონ წულუკიძე, მორჩილი იოსტოს, მთავარ დიაკონი იოასაფ და სამნი მორჩილნი)

დოდოს რქა
დოდოს რქადოდორქა — მონასტერი, ფეოდალური სენიორია[საჭიროებს წყაროს მითითებას], ძველ საქართველოში; ქართული ხუროთმოძრვრების მნიშვნელოვანი ძეგლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. VI საუკუნის I ნახევარში დააარსა დავით გარეჯელის ერთ-ერთმა მოწაფემ დოდომ.
შედგება სხვადასხვა დროის (VI - XVIII სს. ჩათვლით) გამოქვაბული კომპლექსებისაგან. მთავარი დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო გარეჯის საერთო აღმავლობის პერიოდს - XI-XIII საუკენეებს განეკუთვნება. განსაკუთრებით საყურადღებოა კლდეში გამოკვეთილი წმ. დოდოს მცირე ეკლესია, რომლისაგანც შემორჩენილია საკურთხევლის აფსიდის კონქი, კლდეში გამოკვეთილი უყელო გუმბათი, ჩრდილოეთი კედელი და დასავლეთი ნართექსის კედლის ნაწილი. კონქში შემონახულია მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი (VIII-IX სს.) და მნიშვნელოვანი ნიმუში საქართველოში. მოხატულობის მთავარი ფიგურაა ტახტზე მჯდომი ქრისტე მაკურთხებელი მარჯვენით. მარცხენა ხელში უჭირავს გადაშლილი წიგნი, რომელზედაც ქართული წარწერის კვალია შერჩენილი. მაცხოვრის ორსავე მხარეს თითო მედალიონია მოთავსებული. ერთში გამოსახულია ქალის ფიგურა მკერდამდე, მთვარის ქიმით თავს ზემოთ, მეორეში (ასევე მკერდამდე) - ფრიგიულ თავსაბურავიანი ჭაბუკი აგიზგიზებული ჩირაღდნით მარჯვენა ხელში. როგორც ჩანს, პირველი ფიგურა მთვარეს განასახიერებდა, მეორე - მზეს. ამგვარი გამოსახულებანი ადრინდელი ქრისტიანულ სარკოფაგებში გვხვდება. ქრისტეს ქვემოთ გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი, აგრეთვე ტეტრამორფი (ოთხი მახარებლის სიმბოლური გამოსახულება) და ქერუბინი (ექვსფრთიანი ანგელოზი). დოდოს რქის მონასტრის პოლიტიკური-ეკონომიკური ისტორია დაკავშირებულია დავითგარეჯის მონასტრის ისტორიასთან. XII-XV საუკუნეებში დოდოს რქა სამეფო მონასტერი იყო. 1424 წელს ალექსანდრე I-მა დავითგარეჯთან ერთად შესწირა მცხეთის საკათალიკოსო სვეტიცხოვლის ეკლესიას. XIII-XVIII საუკუნეებში გარეშე მტრების (მონღოლების, თემურლენგის, თურქების, ირანელებისა და ლეკების) შემოსევისა და ბატონობის შედეგად დაქვეითდა, ბევრჯერ დაცარიელდა. დოდოს რქის მონასტერი ეპარქიალურად რუსთაველის საეპისკოპოსოში შედიოდა. XV-XVII საუკუნეებში კათოლიკოს-პარტიარქს ემორჩილებოდა, შემდეგ 1760 წლამდე - ნინოწმინდელ ეპიკოპოსს. 1760 წელს დავითგარეჯს შეუერთდეს. გასული საუკუნის მიწურილს გაუკაცრიელდა.
ნათლისმცემელი
გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი — იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, დავითის ლავრის დასავლეთით 12 კმ-ზე. წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილ ერთიან კომპლექსს. დაარსებულია VI-VII საუკუნეებში დავით გარეჯელის მოწაფის ლუკიანეს მიერ:

„ბრძანებითავე მამისა დავითისითა აღეშენა უდაბნოჲ მრავალმთისაჲ სახელსა ზედა წმიდისა იოანე ნათლის-მცემლისასა“
მონასტერი გამოკვეთილია ზღვიური წარმოშობის ქვიშაქვებისაგან შედგენილი კლდის მასივში. ნაგებობათაგან აღსანიშნავია უჩვეულოდ მაღალი და ვრცელი მთავარი ეკლესია. ჩრდილოეთით მცირე სათავსი ეკვრის, რომელიც ძირითად დარბაზს 2 თაღის მეშვეობით უკავშირდება. საკურთხევლის წინ XVIII საუკუნის II ნახევრის კანკელია. მთავარი ეკლესიის სამხრეთით კიდევ ერთი მცირე ეკლესიაა, რომელშიც კლდეში გამოკვეთილი კიბით შეიძლება ასვლა. მთავარი ეკლესიის შესასვლელში აღმართულია კოშკი და ჭიშკარზე დაშენებული სამრეკლო. ინტერიერში შემონახულია XII საუკუნის I ნახევრის მოხატულობის ფრაგმენტები.
ბერთუბანი
ბერთუბნის მონასტერი — დავითგარეჯის კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი გამოქვაბული მონასტერი. დაარსებულია XII საუკუნეში. აღსანიშნავია ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო, რომელთა კედლებიც შემკულია XIII საუკუნისდასაწყისის მხატვრობით: გამოსახული არიან თამარ მეფე და ლაშა გიორგი, სატრაპეზოში ძირითადად ტრაპეზის თემაა გადმოცემული. აქვეა ეპიზოდი დავით გარეჯელის ცხოვრებიდან — „ლუკიანე წველის ირმებს“, ეს მოხატულობა მხატვრობის გარეჯის სკოლის განვითარების მწვერვალია; ადგილობრივ ტრადიციებთან ერთად მათში მკაფიოდ აისახა აყვავების ხანის ქართული მონუმენტური მხატვრობის ზოგადი თავისებურებანი. მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს.
უდაბნოს მონასტერი
უდაბნო — ქართული მონასტერი შუა საუკუნეების დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში (თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში), ისტორიულ კუხეთში. მდებარეობს დავითის ლავრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართული კლდის სამხრეთ ფერდობზე. ტერიტორია წარმოადგენს დავის საგანს საქართველოსა და აზერბაიჯანსშორის.
გამოქვაბული მონასტერი მოიცავს მრავალ ეკლესია-სენაკს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით სამთაღიანი გასასვლელით დაკავშირებული მაღალი და ფართო სადიაკვნე ეკვრის. მონასტერს ჰქონდა აგრეთვე სატრაპეზო და სხვა დანიშნულების სათავსები. უდაბნოს მონასტერში დაცულია მხატვრობა, რომელშიც პირველად აისახა დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი. მთავარი ეკლესიის მოხატულობის უძველესი ფენა X საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ამავე ხანას მიეკუთვნება სატრაპეზოს მოხატულობა. სადიაკვნეს მოხატულობა სტილისტური და იკონოგრაფიული ნიშნებით ახლოს დგას ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნების ადრინდელი ხანის მოხატულობის ნიმუშებთან და 856-864 შორის უნდა იყოს შესრულებული. მოხატულობის II ფენა XIII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო შემდეგი - XIV საუკუნეს.2012 წლის 6 მაისის შემდეგ მონასტრის ტერიტორიაზე ჩადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და იქ ტურისტებს არ უშვებდნენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის განცხადებით ამის მიზეზი ისაა, რომ მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამჟამად შექმნილია კომისია, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენაზე მუშაობს, საზღვრის შეთანხმებამდე უდაბნოს მონასტრის მონახულება ნებისმიერ ტურისტს შეუძლია.
ვერნაგარეჯის მონასტერი
ვერანგარეჯა — სამონასტრო კომპლექსი დავითგარეჯაში. მდებარეობს დიდი ქვაბების მთის ჩრდილოეთით ზეგანზე, 8 კმ-ის დაშორებით.
მონასტერი წარმოადგენს კახეთის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი რიყის ქვის წყობით ნაგები ტლანქი ფორმების მქონე დარბაზული ტიპის ეკლესიას.
წამებულის მონასტერი
წამებულის მონასტერი — შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი მცირე ზომის ეკლესია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. მდებარეობს მთის თხემის ოდნავ შემაღლებულ მასივში უდაბნოს მონასტრის დასავლეთით დაახლ. 300 მეტრზე. მის სამხრეთით, კარის წინ კახეთის მეფე არჩილის (1664-1675 წწ.) თაოსნობით აგურის კარიბჭე მიუშენებიათ. გეგმით კვადრატული მცირე ზომის დაბალი, ბრტყელჭერიანი ეკლესიის აღმოსავლეთი კედელი უაფსიდოა. მოგვიანებით შუაში ცუდად დამუშავებული ქვით ნაგები ტრაპეზი გაუმართავთ. ჩრდილოეთ კედელს მთელ სიგრძეზე გასდევს დაახლოებით 130-140 სმ სიმაღლის კედელი, რომელიც სარკოფაგის შთაბეჭდილებას ტოვებს — მასში წამებულ ბერთა ძვლები აწყვია. ეკლესიის ჭერსა და კედლებს ამკობს მოხატულობა, რომლის ძირითადი ფენა XI საუკუნის მხატვრულ ძეგლებს უახლოვდება.
ჩიჩხიტურის მონასტერი
ჩიჩხიტურის შესახებ წერილობით წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში უაღრესად მწირი ცნობებია დაცული. გარეჯის მთის აღწერისას, ვახუშტი ბატონიშვილი აქ მოქმედ ოთხ მონასტერთან დაკავშირებით ამბობს, რომ დავითგარეჯასა (ანუ დავითის ლავრასა) და ნათლისმცემელში ზის არქიმანდრიტი, ხოლო ჩიჩხიტურსა და ბერთუბანში – წინამძღვარი.
მონასტერში შემორჩენილია სრულიად უნიკალური ფრესკული მოხატულობა. ამჟამად მონასტრის ტერიტორია, ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტერთან ერთად, სადაოა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის.
მრავალწყარო
მრავალწყაროს მონასტერი — მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. აღმოაჩინეს 1995 წლის აგვისტოში მეცნიერების ფონდ „უდაბნოს“ სამეცნიერო ექსპედიციის დროს.
წერილობით წყაროებში მონასტერი არ მოიხსენიება. სახელი შერჩეულია ექსპედიციის მიერ, იმის გამო, რომ მცირეწყლიან მდინარესა და წყაროებთან ახლოსაა გამოკვეთილი. სავარაუდოდ, მრავალწყაროს მონასტერი IX საუკუნეში დაუარსებიათ, XIII საუკუნეში კი მას არსებობა შეუწყვეტია.
მონასტერში აღმოჩენილია გუმბათის საკმაოდ ეგზოტიკური ფორმა. შემორჩენილია IX საუკუნის ფრესკები და 65-ზე მეტი ნაკაწრი წარწერა, რომელთა შორის უძველესი თარიღდება 851 წლით.
პირუკუღმარის მონასტერი
პირუკუღმარის მონასტერი — ქოლაგირიდან აღმოსავლეთით 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს მცირე, თითქმის მთლიანად განადგურებული კომპლექსი.
შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე დამხამრე, რემურნეო ხასიათის საცავსი, რომელტა მიხედვიტ კომპლექსის აღდგენა შეუძლებელია. ეს გამოქვაბულები გამოკვეთილია რბილთიხოვან კონგლომერატში .
ქოლაგირის მონასტერი
ქოლაგირის მონასტერი (სპარსულად — მოიხადე ქუდი) — მღვიმის მონასტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, იმავე ბერების სერად წოდებული ქედის ბოლოში, 6 კმ-ის მანძილძე, ივრის ჭალის ნაპირას მდებარეობს
დიდი ქვაბები
დიდი ქვაბების მონასტერი — გამოქვაბული კომპლექსი დავითგარეჯაში. მდებარეობს ქოლაგირის გადასწვრივ, ივრის მარცხენა ნაპირზე 5 კმ-ს მოშორებით, მაღალი მთის კონგლომერატოვან ფლატეში.
კომპლექსი საკმაოდ ვრცელია. ზედა გამოქვაბული თითქმის მთლიანად ჩამოშლილია, დარჩენილია მხოლოდ სიღრმეში გამოკვეთილი სამეურნეო დანიშნულების სათავსოები, ქვემოთ განლაგებული გამოქვაბულები კი თითქმის მთლიანად დაფარულია ჩამორეცხილი მიწის ფენით. მის სამხრეთით, დაბლობში, კლდის ფენაში არსებული ქვაყუთები სამონასტრო სასაფლაო უნდა იყოს. სასმელად გამოიყენებოდა მახლობელი ხევის პატარა წყარო, ძირითადად კი ივრის წყალი.
პატარა ქვაბები
პატარა ქვაბების მონასტერი — გამოქვაბული კომპლექსი დავითგარეჯაში. მდებარეობს დიდი ქვაბებიდან აღმოსავლეთით, 12 კმ მანძილზე, ივრის მარცხენა შენაკად „მწარე ხევთან“.
კომპლექსი მოიცავს ერთგუმბათიან ეკლესიას სატრაპეზოთი და მცირე ზომის სხვა სათავსოს. მონასტერი გარეჯის მრავალმთის უკიდურესი განაპირა კომპლექსია, ვინაიდან ამ ადგილას აღმოსავლეთით გამოქვაბულები აღარ გვხვდება.
თეთრსენაკები მდებარეობს დოდოს რქის დასავლეთით.
მათი უმრავლესობა უკვე აზერბაიჯანის საზღვარზეა და დღემდე დავის საქმედ ითვლება, ამიტომაა საჭირო რომ ჩვენვე დავიცვათ ჩვენივე ისტორიულ–კულტურული ცენტრები და უნდა ვამაყობდეთ რომ ესეთი ისტორიული ძეგლები გვარგუნა უფალმა მემკვიდრეობით, დროა ჩვენც შევიტანოთ ჩვენივე წვლილი და დავიცვათ ისინი განადგურებისგან და ოკუპანტებისგან... კიდე უამრავ ადგილს ავღწერ ჯერ რადგან კიდე უამრავი ადგილია სანახავი, საქართველო ხომ სასწაულია თავისი ბუნებით და ხალხით.. დროებით <3

No comments:

Post a Comment